შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

27 მაისი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელთან პიტერ ვიბლერთან.
 
სახელმწიფო მინისტრმა USAID-ის მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა აპარატის ორივე მიმართულებით - შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისა და განხორციელების პროცესში აღმოჩენილი დახმარებისთვის. ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე პროექტების, ასევე 2020-2025 წლების ქვეყნის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მნიშვნელობას.
 
მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. პიტერ ვიბლერი მიესალმა ამ კუთხით აპარატის მიერ შემუშავებულ ახალ ინიციატივებს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში სახელმწიფო მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
 
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. ახალი სახელმწიფო სტრატეგიის თაობაზე, რომლის დამტკიცება მთავრობის მიერ უახლოეს პერიოდში იგეგმება, და აღნიშნა სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში ქალების გაძლიერებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მნიშვნელობა.
მხარეები აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულებით შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ