შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიტანული ორგანიზაციის „შერიგების რესურსები“ წარმომადგენელთან, რეიჩელ ქლოგთან შეხვედრა გამართა.
თეა ახვლედიანმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობაზე. სახელმწიფო მინისტრმა რეიჩელ ქლოგს გააცნო უწყების სამომავლო ხედვა, რომელიც ასევე მოიცავს ახლად წამოწყებულ ინიციატივებს ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით, ამ მიზნით სპეციალურად შექმნილი პლატფორმების ფარგლებში.
თავის მხრივ, რეიჩელ ქლოგმა სახელმწიფო მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა ბრიტანული ორგანიზაციის „შერიგების რესურსები“ მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიმდინარე პროექტების და სამომავლო აქტივობების თაობაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის შერიგებას და ურთიერთობების გაღრმავებას.
მხარეები სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.