პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ სოფელ ზარდიაანთკარში მოსახლეობის დაბრუნების მიზნით, სოფლის რეაბილიტაცია დაიწყება

30 ივლისი 2021
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ სოფელ ზარდიაანთკარში მოსახლეობის დაბრუნების მიზნით, სოფლის რეაბილიტაცია დაიწყება.გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 22-ე გასვლითი სხდომა შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
 
სხდომა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, თანათავმჯდომარემ თეა ახვლედიანმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა გახსნეს.
 
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კომისიის საქმიანობის შედეგად გამყოფი ხაზის სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას, რაც ამავდროულად ძლიერი პოლიტიკური გზავნილია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება.
თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა მიმდინარე ოკუპაციის მძიმე შედეგებსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, არაერთი შესაბამისი მიმართულებით უწყების მიერ გასული წლის განმავლობაში, ინტენსიური საქმიანობა და ძალისხმევა განხორციელდა, მათ შორის პარტნიორთა მხარდაჭერით.
 
სხდომის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, სოფელ ზარდიანთკარში 2008 წლის ომის შემდეგ დაზიანებული სახლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომლის განხორციელების მიზნით კომისიამ დასახა შესაბამის ქმედებათა კონკრეტული გეგმა.
 
„სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ გამყოფი ხაზის სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. მოგეხსენებათ, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა. შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეგულარულად და ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება გამყოფი ხაზის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისევე როგორც მათ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორთან. ჩვენი ანგარიშვალდებულების ფარგლებში, ჩვენ ვაწვდით ასევე რეგულარულ ინფორმაციას საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს. ხაზგასასმელია, რომ დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით, საკითხის შეჯერების შედეგად, ჩვენ დავსახეთ სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, ქმედებათა კონკრეტული გეგმა. ვიმსჯელეთ, ამ გეგმის განხორციელების მექანიზმებზე. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განვითარება და შედეგი სამთავრობო კომისიის დღევანდელი სხდომისა. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული სხვა საჭიროებების ეტაპობრივი მოგვარების მიზნით. ვფიქრობ, ეს არის უძლიერესი პოლიტიკური გზავნილი საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინების სახით, არა მარტო გამყოფი ხაზის მოსახლეობისთვის, არამედ კონფლიქტით დაზარალებული იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან გამყოფი ხაზის მეორე მხარეს, ოკუპირებულ რეგიონებში,“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
 
სამთავრობო კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები და მუნიციპალიტეტების მერები. კომისიამ სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მოისმინა როგორც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, ასევე ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.