ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ქვემო არცევში მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
14 სექტემბერი 2015
"ყველას, განსაკუთრებით კი პირველკასელებს გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. ამ სკოლას წელს 6 პირველკლასელი ჰყავს. ამ ბავშვებს აქვთ განახლებული, რეაბილიტირებული სკოლა, უზრუნველყოფილნი არიან ინვენტარითა და სასწავლო მასალებით და დარწმუნებული ვარ, ეს გავლენას მოახდენს მათ განწყობასა და სწავლის ხარისხზე. საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელის შეწყობა, მათ შორის, რა თქმა უნდა, განათლების მიმართულებით, რადგან სწორედ განათლებით არის შესაძლებელი ყველა პრობლემის დაძლევა", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ახალ სასწავლო წელს წარმატებები უსურვა, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს.
"მსურს, ამ ბავშვებს აქედან მივესალმო და წარმატება ვუსურვო, განსაკუთრებით კი გალის რაიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს. მათ ყოველწლიურად დამატებითი შეზღუდვები ექმნებათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაში. მინდა, მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს მადლობა გადავუხადო, რომლებიც ამ რთულ პირობებშიც მშობლიურ ენას უფრთხილდებიან, როგორც საუნჯეს. სახელმწიფო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა დაიცვას ამ ბავშვების უფლებები და მათ კვლავაც შეძლონ მშობლიურ ენაზე სწავლა", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.