თეა ახვლედიანმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

14 აგვისტო 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 29-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. სახელმწიფო მინისტრთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ.
 
თეა ახვლედიანის განცხადებით, 14 აგვისტო თითოეული ჩვენგანის საერთო ტრაგედიაა და სწორედ ამიტომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.
 
„14 აგვისტო უმძიმესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად საქართველოსთვის, ასობით ათასი დევნილისა და იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ოჯახის წევრი და ახლობელი დაკარგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენ დავკარგეთ გმირები, რომელთა ხსოვნას მინდა პატივი მივაგო და ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე. ეს არის საერთო ტკივილი, საერთო ტრაგედია აფხაზთა და ქართველთა, რომელიც აუცილებლად უნდა დავძლიოთ მშვიდობის ძალით, შერიგების, ნდობის აღდგენის გზით, რათა არასდროს განმეორდეს ასეთი ტრაგედია,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.