შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის იდენტიფიცირებული ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე მოხდა.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე გამართული ცერემონიალი მეტად სიმბოლურია და მას აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა, იქიდან გამომდინარეც, რომ დღეს 14 აგვისტოს 29 წელი შესრულდა აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დაწყებიდან, რამაც ათასობით ჩვენი თანამემამულის და გმირის სიცოცხლე შეიწირა. მე ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგო მათ ხსოვნას, მათ თავგანწირვას საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. უდიდესი მნიშვნელობა აქვს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესს, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია და რასაც ჩვენ ვახორციელებთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით და მხარდაჭერით. ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით და ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმების ყველა მონაწილის ძალისხმევით კიდევ უფრო გაძლიერდება და ეფექტური გახდება ეს პროცესი და შევძლებთ შეძლებისდაგვარად მეტი გაუჩინარებული პირის მოძიებას,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები მივიდნენ და დაღუპულებს პატივი მიაგეს.