სახელმწიფო მინისტრმა კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტი ახალგაზრდებთან შეხვედრით დაიწყო

16 სექტემბერი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონს სამუშაო ვიზიტით ეწვია. სახელმწიფო მინისტრმა რეგიონში ვიზიტი თელავის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან შეხვედრით დაიწყო და მათ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკით განსაზღვრული სამომავლო გეგმები და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო. თეა ახვლედიანმა ვრცლად ისაუბრა სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე, რაც სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი 2021-2030 სტრატეგიის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებისა და ქალების მხარდაჭერასა და გაძლიერებას დაეთმობა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, საუბარი და მსჯელობა შეეხო სხვადასხვა აქტუალურ თემებსა და მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზეც. თეა ახვლედიანმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდებს სამედიცინო პირბადეები გადასცა.
 
სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც შეხვდა. კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა რეგიონული ვიზიტის მიზნებზე, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდრო დასახლებულ სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისას, სამოქალაქო ინტეგრაციის პრიორიტეტებისა და COVID-19-ის პრევენციის მნიშვნელობის ჭრილში ისაუბრა და ამ კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნო.
 
თეა ახვლედიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული საინფორმაციო მასალებიც გადასცა, რომლებიც მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ იმ სოფლებში გავრცელდება, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მჭიდროდ არიან დასახლებულნი.
 
კახეთის რეგიონში სახელმწიფო მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დაგეგმილია თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში.
 
„კახეთის რეგიონში ჩემი სამუშაო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც გავმართავთ შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ყველა მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, დღეს თელავში ახალგაზრდობასთან შეხვედრით დავიწყეთ. ძალიან საინტერესო იყო ახალგაზრდების მოსაზრებების და ხედვის გაცნობა სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმსჯელეთ ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებსა და პრიორიტეტებზე. განსაკუთრებული აქცენტი ბუნებრივია გაკეთდა სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაზრდის მნიშვნელობაზე და დიდი ყურადღება დავუთმეთ ქვეყანაში კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით, მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობას,“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.