სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან კრისტინა მარტინ ლანგთან

11 ნოემბერი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან კრისტინა მარტინ ლანგთან.
 
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა შვეიცარიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესშიაქტიური ჩართულობისთვის.
 
მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. სახელმწიფო მინისტრის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე, ახალგორის რაიონში ე.წ. გადასასვლელების ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებზე, გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და საოკუპაციო რეჟიმის სხვა დესტრუქციულ ქმედებებზე.
 
აღნიშნულ კონტექსტში, თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სათანადო რეაგირებისა და მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ერთადერთი ოფიციალური ფორმატის მნიშვნელობასა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
სახელმწიფო მინისტრმა შვეიცარიის დელეგაციას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგებისა და სამომავლო ხედვების თაობაზე, რაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობასა და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.
 
თავის მხრივ, რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
 
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა კრისტინა მარტინ ლანგის საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
 
2008 წელს საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ გამხორციელებული სამხედრო აგრესიისა და ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების გამო დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდგომ, საქართველოს ინტერესებს რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო წარმოადგენს.