სამშვიდობო ინიციატივის გარდა, მოკლედ მინდა შევეხო ჩართულობის პოლიტიკის სხვა მიმართულებებს, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვისა და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნის თვალსაზრისით.
კრიტიკული მნიშვნელობის არის უფასო ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამა, რომლის მიმდინარეობა პანდემიის დროსაც კი არ შეფერხებულა. პროგრამით, 2020-21 წლებში, ოკუპირებული რეგიონების 2000-ზე მეტმა მაცხოვრებელმა ისარგებლა და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში. გარდა ამისა, ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის რეგულარული მომარაგება სამედიცინო საშუალებებით, მათ შორის, იმუნიზაციის და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, რომელთა ღირებულება ყოველწლიურად მილიონ-ნახევარ ლარს აღწევს; ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი, ჯამში, 5 მილიონ ლარს აჭარბებს