სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ჭრილში განიხილება და ორიენტირებულია თანაბარუფლებიანი და დემოკრატიული საზოგადოების განმტკიცებაზე, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ კულტურული კუთვნილებისა, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობის, პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობები.
ჩვენი კულტურულად და ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყნის მოსახლეობას ჰარმონიული თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს. სახელმწიფო ითვალისწინებს ამ უნიკალურ გამოცდილებას და თანასწორობის პრინციპებზე, ისევე როგორც საერთო ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებით, აძლიერებს მას პოლიტიკის ფარგლებში, რომლის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია.
გასული წელი უმნიშვნელოვანესი იყო აღნიშნული პოლიტიკის შეფასების თვალსაზრისით და წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ პერიოდს განახლებული სტრატეგიული ხედვის ფორმირებისთვის. ჩვენ დიდი დრო და ძალისხმევა მოვახმარეთ ახალი, ათწლიანი პოლიტიკის და შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესს, რომელიც ღია და ინკლუზიური მიდგომით წარიმართა: კერძოდ, უზრუნველყოფილი იყო შესაბამისი დარგობრივი უწყებების, პარლამენტის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, მედიის წარმომადგენლების, დამოუკიდებელი ექსპერტების, სახალხო დამცველის აპარატისა და მასთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს მონაწილეობა. ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა საკუთარი ხედვა და მოსაზრებები. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის საერთაშორისო ექსპერტიზა უზრუნველყო და მაღალი შეფასება მისცა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმა, რომლითაც დადასტურდა შემუშავებული დოკუმენტის შესაბამისობა საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, გასული წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორის, ასევე, გამოვყოფდი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში პანდემიით შექმნილ გამოწვევებზე დროული რეაგირების მიზნით გამართულ საინფორმაციო და სოციალური დახმარების აქტივობებს. ამასთან, ყველა რეგიონში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის და აპარატის წარმომადგენელთა ვიზიტები და ადგილობრივ მოსახლეობასთან მრავალი შეხვედრა, რომელთა ძირითად მიზანს, პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის ახალი სტრატეგიული ხედვების განხილვა წარმოადგენდა.
ჩატარებული საქმიანობის შედეგად, სტრატეგიის შეფასების პროცესმა, რომელიც ეყრდნობოდა, მათ შორის, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის დასკვნებს, გამოავლინა როგორც მიღწეული ხელშესახები შედეგები, ასევე რიგი გამოწვევები.
მიღწევების თვალსაზრისით, პირველ რიგში, ხაზგასასმელია პოლიტიკის განსახორციელებლად დანერგილი უნიკალური ინსტრუმენტები, რომელიც საერთაშორისო შეფასებებში განხილულია როგორც სამაგალითო პრაქტიკა. მათ შორისაა:
• სკოლამდელი და ზოგადი განათლების მშობლიურ ენაზე უზრუნველყოფა მსხვილი ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებისთვის;
• სახელმწიფო ენის სწავლების უფასო პროგრამები ნებისმიერი მსურველისთვის;
• მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების მშობლიური ენების სწავლება სკოლებში - როგორიცაა: ოსური, ასურული, ჩეჩნური, უდიური, ხუნძური;
• უმაღლესი განათლების გამარტივებული წესით მიღების შესაძლებლობა;
• საჯარო სამსახურში სპეციალური სტაჟირების პროგრამა;
• ეთნიკური უმცირესობების საკონსულტაციო საბჭოები სამხარეო ადმინისტრაციებში;
• მშობლიურ-ენოვანი მედიის ხელმისაწვდომობა;
• კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერა;
• მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიები და პროგრამები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
სწორედ აღნიშნული მექანიზმების საშუალებით გახდა შესაძლებელი წარმატებული შედეგების მიღწევა, რომელთა თაობაზე, მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით, მოკლედ მოგახსენებთ:
• მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა, რაც აისახა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამოქალაქო აქტიურობის გაზრდასა და საარჩევნო პროცესში მონაწილეობაში.
• სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით გაფართოვდა ბენეფიციართა სეგმენტი და შეიქმნა ფართო შესაძლებლობები ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის; შედეგად, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 4000-ზე მეტმა ზრდასრულმა პირმა გაიუმჯობესა ქართული ენის კომპეტენცია - ეს იმ პირობებში, როდესაც პანდემიის გათვალისწინებით სასწავლო კურსები, ძირითადად, დისტანციურად მიმდინარეობდა.
• მნიშვნელოვნად ამაღლდა უმაღლესი განათლების მიღების საშეღავათო პოლიტიკის ინსტრუმენტის „1+4 პროგრამის“ პოპულარობა, რაზეც მეტყველებს დაინტერესებული აბიტურიენტების რაოდენობის ზრდის დინამიკა; მხოლოდ წელს ამ პროგრამაზე 1340-მდე სტუდენტი ჩაირიცხა, რაც პროგრამის საწყის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია.
• პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახდა არაქართულენოვანი ახალგაზრდებისთვის პროფესიულ კოლეჯებში ქართული ენის მოსამზადებელი კურსის ამოქმედების შედეგად, რომელშიც პირველივე წელს უკვე 223 სტუდენტი ჩაერთო.
• პანდემიის მიუხედავად, გაგრძელდა კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ, არაქართულენოვანი ბეჭდვითი მედიის, სომხური და აზერბაიჯანული თეატრების, მუზეუმების, გამოცემებისა და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების დაფინანსების გზით.