სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედინი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქ. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის რიგით მე-10 სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი და ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით.
თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული გამოწვევები და ყურადღება გაამახვილა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე, როგორიც არის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთლხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვა, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და სხვ. მან განსაკუთრებული ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან ინტენსიური ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისულების უზრუნველსაყოფად, ასევე ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონსა და მთელ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ხელოვნური იზოლაციისა და ჰუმანიტარული კრიზისის დასაძევად. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა, ისევე როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის საჭიროება.
საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების ფონზე გრძელდება. აღნიშნულ კონტექსტში, თეა ახვლედიანმა ევროპარლამენტარებს გააცნო უკანასკნელ პერიოდში მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრობლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. მისი მხრიდან ყურადღება გამახვილდა 2010 წლის ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს.
სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველესად ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში, განსაკუთრებით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სუვერენული არჩევანის წინააღმდეგ მიმართული დესტრუქციული პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც დღესდღეობით ასევე ნათლად გამოიხატება უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში.