შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან - ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან არჩილ გეგეშიძესთან, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელ დირექტორთან ივანე აბრამაშვილთან და „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ თანადამფუძნებელთან ელიკო ბენდელიანთან.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის განზომილებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა მტკიცედ და თანმიმდევრულად ახორციელებს, დეპოლიტიზებული, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანთა საჭიროებებზე მორგებული მიდგომის საფუძველზე. აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა 2010 წლის ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარე პროცესზე, რომელიც მიზნად ისახავს გამყოფი ხაზით ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, დიალოგის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის გზით, რაც ახლებურ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა.
თეა ახვლედიანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა, მათ შორის სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ურთულესი მდგომარეობა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.