თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

10 ივნისი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
 
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თეა ახვლედიანმა ქალაქ ახმეტაში „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, სადაც, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელების მიმდინარეობაზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ქალთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რაც მათ გაძლიერებას და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩართულობის გაზრდას უკავშირდება. თეა ახვლედიანი ასევე სოფელ ჯოყოლოს ეწვია და პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. ხაზი გაესვა საზოგადოების ინტეგრაციის პროცესში მასწავლებლების მნიშვნელოვან როლს, რომლებსაც თემში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.
 
სახელმწიფო მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ეწვია სოფელ დუმასტურის სპორტულ დარბაზს და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის მოადგილე ემი კლენსთან ერთად საჩუქრად უახლესი, საერთაშორისო სტანდარტის ძიუდოს ტატამი გადასცა, რომელიც UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი. თეა ახვლედიანმა იმედი გამოთქვა, რომ სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა წაახალისებს ადგილობრივი ახალგაზრდების შემდგომ მიღწევებს, თანატოლებთან მეტ კომუნიკაციასა და ინტეგრაციას.
 
სახელმწიფო მინისტრი სოფელ დუმასტურში გიორგი სოსიაშვილის წიგნის „გოდების კედელი“ პრეზენტაციასაც დაესწრო.
„ქალთა და ახალგაზრდების როლის გაძლიერება და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა - იყო ახმეტის მუნიციპალიტეტში ჩემი სამუშაო შეხვედრების მთავარი მიზანი. ქალაქ ახმეტასა და სოფელ ჯოყოლოში „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლებსა და პანკისის რეგიონის პედაგოგებთან გამართულ შეხვედრებზე განვიხილეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზნები, ამოცანები, განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა, არსებული საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. ვფიქრობ განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, სოფელ დუმასტურის სკოლაში ჩვენი შეხვედრა, სადაც სპორტულ დარბაზს გადავეცით საერთაშორისო სტანდარტის ძიუდოს ტატამი, UNICEF-ის მხარდაჭერით, რაც განაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარული იყო ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან სპორტის მიმართ თავიანთი ინტერესით და შესაძლებლობებით. დარწმუნებული ვარ, ამგვარი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის გზით, ახალგაზრდების შემდგომი მიღწევებისა და მეტი კომუნიკაციის განმტკიცებას,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.