თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ზარდიაანთკარში იმყოფებოდა

3 სექტემბერი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი განაგრძობს გამყოფი ხაზის სოფლებში ვიზიტებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას.
 
ამჯერად სახელმწიფო მინისტრი გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან სოფელ ზარდიაანთკარში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
 
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სოფელ ზარდიანთკარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძესთან, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან, გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.
 
როგორც თეა ახვლედიანმა შეხვედრაზე განაცხადა, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
 
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული და სამომავლო, თანმიმდევრული ქმედებების გაცნობა.
 
ამასთან, ზარდიაანთკარში საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან განიხილეს მათ წინაშე არსებული საჭიროებები და აქტუალური საკითხები.
 
„შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა; შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მნიშვნელოვანი მიმართულებაა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაცია. ამ მიზნით, გუშინ ვიმყოფებოდი ნიქოზში, დღეს კი ვეწვიეთ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა. ამ სოფლის შემთხვევა და მდგომარეობა განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ ომით დაზარალებული სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ზარდიაანთკაარში საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე გვიან მიეცა სოფელში დაბრუნების შესაძლებლობა. შესაბამისად, გახანგრძლივებული ოკუპაციისა და სახლებისთვის ომით მიყენებული დაზიანებების შედეგად, შეუძლებელი აღმოჩნდა მათი საცხოვრებლად გამოყენება.
 
გამომდინარე აქედან, სახელმწიფოს მხრიდან, ოჯახების ნაწილმა მიიღო ფინანსური კომპენსაცია, ხოლო 28 ოჯახი უზრუნველყოფილ იქნა დროებითი საცხოვრებლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, დაისახა სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელდა თანმიმდევრული ქმედებები ინდივიდუალურად, თითოეულ სახლთან მიმართებაში არსებული საჭიროებების შესაბამისად. ვფიქრობ, ზარდიაანთკართან მიმართებაში, უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და მიმდინარე ძალისხმევა, არის საქართველოს მთავრობის ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი გზავნილი არა მარტო გამყოფი ხაზის მოსახლეობისთვის, არამედ კონფლიქტით დაზარალებული იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან გამყოფი ხაზის მეორე მხარეს, ოკუპირებულ რეგიონებში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.