შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

6 სექტემბერი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებს. თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის მიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე - შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.
დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები.
 
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე საუბრისას, თეა ახვლედიანმა ელჩს აღნიშნული პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა და ხედვები გააცნო, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება.
 
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგია, რომელშიც განსაზღვრულია სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები.
თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.