შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გახსნა და „2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა შეაჯამა.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მთავრობას, ქვეყნის მრავალეთნიკური და კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების გაძლიერება სახელმწიფო პოლიტიკის უმაღლეს რანგში აქვს აყვანილი, რომლის რეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად სწორედ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტიანობის განგრძობად ამაღლებას განიხილავს. სწორედ ამ მიზნით, გასულ წელს შემუშავდა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ახალი ათწლიანი სტრატეგია.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, კოორდინაციას უწევს: სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით მრავალსექტორული, ერთიანი და თანამიმდევრული პოლიტიკის გატარებას, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელებას და ანგარიშგებას. დღევანდელი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ამ მიმართულებით, დარგობრივი სამინისტროებისა და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ, გასულ წელს გაწეული საქმიანობის შეჯამებას და მომავალ ნაბიჯებზე მსჯელობას ისახავდა მიზნად.
„დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ახალი ათწლიანი სტრატეგიის ფარგლებში მიღწეული პროგრესი, რაც ეფუძნება ყველა ჩართული სახელმწიფო უწყების მხრიდან შეთანხმებულ და კოორდინირებულ მიდგომას. 2021 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის განხილვას მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა, დასახული და ურთიერთდაკავშირებული ამოცანების ზეგავლენის შეფასებისა და ანალიზის თვალსაზრისით, რაც საშუალებას გვაძლევს ერთიან კონტექსტში მოვახდინოთ არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და გამოვკვეთოთ სტრატეგიის განხორციელების დინამიკა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მოვახდინოთ პოზიტიური ცვლილებების შეტანა და ახალი გადაწყვეტილებების ინიცირება პოლიტიკის შემდგომი განვითარების და მისი ეფექტიანი განხორციელების პროცესში,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.