შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან შეხვედრაზე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება შეაჯამა.
თეა ახვლედიანმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და „2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა შეაჯამა.
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ხედვაზე, მიზნებსა და ამოცანებზე. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები განხორციელებულ საქმიანობასთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს უმნიშვნელოვანეს პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან რეგულარულ თანამშრომლობას. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ საბჭოს წარვუდგინეთ ახალი ათწლიანი სტრატეგიის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში და ამავდროულად გავაცანით ის უმნიშვნელოვანესი ტენდენციები, რომელიც გამოიკვეთა მიმდინარე წლის განმავლობაში. საქმიანობის ანგარიშის განხილვა საბჭოს ფორმატში მიზნად ისახავს მიღწეული პროგრესისა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების ფონზე სტრატეგიის განხორციელების დინამიკის წარმოჩენასა და პოლიტიკის შემდგომი ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესში საბჭოს წევრი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ღონისძიება გაიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრამის“ მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).