თეა ახვლედიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პიტერ ფიშერთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

19 სექტემბერი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პიტერ ფიშერთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის და მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას. თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა გერმანიის მიერ, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის; ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შეტიგების და ჩართულობის პროცესში, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით.
 
სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა აპარატის საქმიანობის ორივე - შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.
 
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა. თეა ახვლედიანმა ელჩს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.