მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, გაიმართა მაღალი დონის ღონისძიება სახელწოდებით ''ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში''.

23 სექტემბერი 2022
მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, გაიმართა მაღალი დონის ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“.
 
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. მან ისაუბრა საქართველოსთვის მშვიდობის საერთაშორისო დღისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების უკიდურესი გამოწვევების ფონზე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე, ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე. თეა ახვლედიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერების საჭიროებაზე, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
 
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ასევე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ჰაიდი გრაუ და გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი. დამსწრე საზოგადოებას დისტანციურად ასევე სიტყვით მიმართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში როზმარი დიკარლომ.
 
ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა დააჯილდოვა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ პირველი გამარჯვებული ნიკა ბაძაღუა, რომელსაც გადაეცა ფულადი პრიზი 3000 ლარის ოდენობით. შესარჩევი კონკურსის მონაწილე ახალგაზრდებს საკუთარი გზავნილით ასევე მიმართა საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინ მახლმა.
მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა.
 
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყოველ წელს სხვადასხვა თემატური ღონისძიებითა და ინიციატივით ეხმიანება და აღნიშნავს მშვიდობის საერთაშორისო დღეს, რომლის არსს და დატვირთვას საქართველოში უკვე მრავალი წელია ჩვენ ყველა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ და ვაფასებთ. საქართველოს მთავრობა განუხელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, მათ შორის შერიგების და ჩართულობის მიმართულებით, რათა ჩვენი განუყოფელი ტერიტორიების დეოკუპაციასთან ერთად, ჩვენ გავაგრძელოთ მაქსიმალური ზრუნვა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე და შევქმნათ პირობები, რომ ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების აფხაზ და ოს წევრებთან ერთად, აღვადგინოთ ის ჰარმონიული და მშვიდობიანი თანაცხოვრება, რომელიც ჩვენ გვქონია საუკუნეების განმავლობაში. ამ პროცესში კი ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული როლი ენიჭება ახალგაზრდების ჩართულობას, რისთვისაც ჩვენ შარშან დავაარსეთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის პრემია ახალგაზრდებისთვის 3000 ლარის ოდენობით და წელს პირველად ამ პრემიით დაჯილდოვდა ახალგაზრდა ძალიან საინტერესო საქმიანობით, რომელიც მოიცავს ლიტერატურის მთარგმნელობით და სამეცნიერო სფეროებს. ნიკა ბაძაღუამ, რომელიც წარდგენილ იქნა ნომინანტად ამ კონკურსში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, პირველად მიიღო სახელმწიფო მინისტრის ჯილდო მშვიდობისათვის,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.