შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა სამუშაო ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აქვე აღნიშნა ევროკავშირის განსაკუთრებული როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში COEST-ის ვიზიტის მნიშვნელობას.
თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკების პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.
დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები.
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღნიშნული პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობასა და ხედვებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება.
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგია, რომელშიც განსაზღვრულია სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და განხილული საკითხების მიმართ COEST-ის წარმომადგენლების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
"ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან შემდგარი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კომიტეტის COEST-ის ვიზიტს საქართველოში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან სწორედ აღნიშნული ფორმატი, სამუშაო დონეზე შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისთვის, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. უკვე ევროპული პერსპექტივის მქონე საქართველოს, ევროკავშირთან ურთიერთობების აქტუალურ საკითხებთან ერთად, დღევანდელი შეხვედრის უდიდესი ნაწილი, ბუნებრივია, დაეთმო საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემატიკას, აქცენტით ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის განხორციელების დინამიკასა და სამომავლო ხედვებზე. კომიტეტის წევრებს ჩვენ დეტალურად გავაცანით საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადგილზე არსებული ვითარება, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები და ჩვენი პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა, ცალსახად აღნიშნეს ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობა და მტკიცედ დაადასტურეს კიდევ ერთხელ ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.