თეა ახვლედიანმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშოტ სმბატიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

14 ოქტომბერი 2022
თეა ახვლედიანმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშოტ სმბატიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკას შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გამყარებისა და ორი ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ.
 
თეა ახვლედიანმა ელჩს გააცნო უწყების საქმიანობა, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე უფლებრივ და ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე.
 
თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და სამომავლო გეგმები, აღნიშნა ის მექანიზმები და ინსტრუმენტები, რომლებიც ხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, და მიმართულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში თანასწორი ჩართულობისკენ.
 
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობას.
 
სომხეთის ელჩი, თავის მხრივ, მიესალმა აღნიშნული ორივე მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.