შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა ქვემო ქართლის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებული საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა და სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
ლია გიგაურმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მნიშვნელოვან როლს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის პროცესის ეფექტიანობის და საზოგადოების მონაწილეობის ამაღლების თვალსაზრისით.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომის მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე პოლიტიკის როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, განსაკუთრებული აქცენტი კი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის 5 ძირითადი პრიორიტეტის ფარგლებში დასახულ მიზნებზე გააკეთა და მიმოიხილა ამ პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების ფარგლებში მიღწეული პროგრესი. ასევე ისაუბრა ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე, სტრატეგიის ფარგლებში სამომავლოდ დასახული გეგმებისა და ამოცანების რეალიზებისთვის ადგილზე არსებული ყველა შესაბამისი მექანიზმის გაძლიერებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რომელზეც მონაწილეებმა სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესა და სახელმწიფო რწმუნებულს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები, პოზიციები და შეფასებები როგორც მიღწეული პროგრესის, ასევე სხვა აქტუალური საკითხებისა და არსებული გამოწვევების თაობაზე, რომელთა სამომავლო გადაჭრის გზები სხდომის ფარგლებშივე დაიგეგმა.
შეხვედრაში მონაწილეობა რეგიონში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებმა მიიღეს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებული საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით 2016 წელს შეიქმნა.