გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნავს იმის დასტურად, რომ ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები კაცობრიობისთვის უმთავრესი ფასეულობაა!
გაეროს გადაწყვეტილებით ეს დღე 1996 წლიდან, 16 ნოემბერს აღინიშნება და ხაზს უსვამს მსოფლიოს მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურების მიმართ პატივისცემასა და დაფასებას, სხვადასხვა ეთნოსების მშვიდობიანი, სოლიდარული და ჰარმონიული თანაცხოვრების მნიშვნელობას, რაც ჩვენი გაზიარებული ღირებულებები და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
საქართველო კულტურული მრავალფეროვნების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს, რომელიც გამორჩეულია ეთნიკური წარმომავლობით, კულტურით, მრწამსით და ტრადიციებით განსხვავებული სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა ჰარმონიული თანაცხოვრების ისტორიული გამოცდილებით, ურთიერთპატივისცემითა და შემწყნარებლობით.
სწორედ ამ ფუნდამენტური ღირებულებების საფუძველზე იქცა საქართველო ჩვენი მრავალეთნიკური მოსახლეობის სამშობლოდ, რომელიც, ამავდროულად, უზრუნველყოფს მათი კულტურული იდენტობის შენარჩუნებას.
საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა პატივს სცემს და იზიარებს ერთიან ევროპულ ფასეულობებს, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და თავისუფლებების დაცვა გარანტირებულია კონსტიტუციით. საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტებით და დანერგილი მექანიზმებით უზრუნველყოფილია თანასწორობა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა.
სწორედ ამ ღირებულებებს და ჩვენს უნიკალურ ისტორიულ გამოცდილებას ეფუძნება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ეთნოსთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას, განვითარების და ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას და თანასწორობის პრინციპის განმტკიცებას ისახავს მიზნად.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცის და სტაბილური განვითარების მყარი საფუძველია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, წელს, ამ დღეს ახალგაზრდებზე ორიენტირებული მრავალფეროვანი პროგრამითა და აქტივობებით აღნიშნავს. სწორედ მათი პრინციპული პოზიციითა და უფრო აქტიური ჩართულობით, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული ტოლერანტული გარემოს შემდგომ განმტკიცებასა და გაძლიერებას.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ვულოცავთ თანასწორობისა და ტოლერანტობის ყველა ქომაგს, სრულიად საქართველოს! გისურვებთ მშვიდობას, სიკეთესა და წარმატებულ მომავალს!