შოთა რეხვიაშვილი თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

16 ნოემბერი 2022
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა.
 
შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, საქართველო მრავალეთნიკური და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც ისტორიულად მეგობრულად ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსისა და კულტურის წარმომადგენლები, რომლებსაც თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებებსა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების მიზნებს ემსახურება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა იდენტობის, უფლებების დაცვისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფისაკენ არის მიმართული.
 
საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების კუთხეები მოეწყო, სადაც თითოეული ეთნოსისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშები იყო წარმოდგენილი.
 
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახი კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ზურაბ აბაშიძე და თინათინ ნიბლოშვილი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.