სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სემინარის “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის მორიგი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა სახელწოდებით “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები”. გახსნით ღონისძიებაზე ახალაგაზრდებს სიტყვით მიმართეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ კრისტოფერ ანდერსონმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ.
ლია გიგაურმა ახალგაზრდებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა გააცნო და ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალურ ისტორიულ გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც დღეს უკვე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკით არის გამყარებული და ხელს უწყობს თანაბარუფლებიანი, ტოლერანტული, კულტურულად მრავალფეროვანი და დემოკრატიული საზოგადოების შემდგომ განმტკიცებასა და ეთნოსთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას. სამოქალაქო თანასწორობის იდეის სრულფასოვანი რეალიზების კუთხით, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების როლსა და ჩართულობის გაზრდაზე გაამახვილა, ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების აუცილებლობას.
ორი დღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარის ფარგლებში, მონაწილეები შეხვდნენ როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. ამასთან, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ და საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა დაათვალიერეს.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.