თეა ახვლედიანი: მზად ვართ, ახალი იმპულსი მივცეთ ომით გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ, დეპოლიტიზირებულ დიალოგს.
- ახალი იმპულსი მივცეთ ომით გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ, დეპოლიტიზირებულ დიალოგს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული, უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზანს დაეფუძნება;
- ახლებური ინიციატივებით ხელი შევუწყოთ ადამიანებს შორის კონტაქტების გაფართოებას;
- ჩვენი ძალისხმევა უფრო ეფექტიანი გავხადოთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე უკეთ მორგებული ახლებური მიდგომების, ხედვებისა და პრიორიტეტების საფუძველზე.
სწორედ ამ ხედვასა და პრიორიტეტებს ეფუძნება და ჩვენს გაცხადებულ მზაობას ადასტურებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და კოორდინაციით მიმდინარე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომლის დაწყების თაობაზე შარშან, ამ ფორმატის ფარგლებში მოგახსენეთ. სტრატეგიული გადახედვის პროცესი, ჩვენ მიერ წინასწარ განსაზღვრული, დროში გაწერილი ორგანიზაციული გეგმის შესაბამისად წარიმართა და მიმდინარე წლის იანვარში, ყველა სახელმწიფო უწყების ჩართულობით, შემუშავდა ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო პროექტი. განახლებულ დოკუმენტებს და მათში ასახულ ხედვებს საფუძვლად დაედო პარლამენტში გამართული თემატური შეხვედრების, საერთაშორისო პარტნიორებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმოებული კონსულტაციების, კვლევების, ასევე, რა თქმა უნდა, უშუალოდ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ინტერესებისა და საჭიროებების სიღრმისეული და ყოვლისმომცველი ანალიზი და შეფასება. შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფართო საზოგადოებრივ განხილვას, რაც წარიმართება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. საგულისხმოა, რომ რეგიონში მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, აღნიშნული პროცესი არსებითად უკავშირდება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, თემატურად დაკავშირებული დოკუმენტების ახალ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიმდინარეობას. აქვე აღვნიშნავ, როგორც მოგეხსენებათ, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით მიმდინარე, უფრო ფართო - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესის ნაწილია.
ახალი სტრატეგიის დამტკიცებამდე, ჩვენ გავაგრძელებთ სამშვიდობო ინიციატივებისა და შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, მოკლედ და ღია ფორმატის შესაძლებლობების გათვალისწინებით მოგახსენებთ, კონკრეტული მიმართულებებით ჩვენ მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგების შესახებ, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა, თუ გამყოფი ხაზის გასწვრივ სავაჭრო ურთიერთობების წახალისება.