სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ორ დღიანი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა

2 მარტი 2023
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ორ დღიანი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა.
 
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა და სოფელ წყრუთის საბავშვო ბაღს ესტუმრა.
 
სტუდენტებთან შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულებით - შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, ისევე როგორც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში განსაზღვრულ პრიორიტეტებზე, ამოცანებსა და მიზნებზე ესაუბრა და ახალი ინიციატივები გააცნო. ახალგაზრდებს 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი როგორც სამშვიდობო პოლიტიკის, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ახალგაზრდა თაობის მონაწილეობისა და როლის გაძლიერება სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტია. შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, განხილულ იქნა კონკრეტული ინიციატივები, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ახალგაზრდებისთვის დაარსებული მშვიდობის ჯილდოს ჩათვლით, რომელმაც სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
სახელმწიფო მინისტრი ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელ წყრუთის ახალაშენებულ საბავშვო ბაღსაც ესტუმრა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ 90-მდე ბავშვზეა გათვლილი. თეა ახვლედიანმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრად სათამაშოები გადასცა და მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა თითოეული ბავშვის შემდგომი განვითარებისთვის განათლების ხელმისაწვდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს ორენოვანი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
 
„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩვენ დღევანდელი ვიზიტის მიზანი და მთავარი თემა უკავშირდება ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერების მხარდაჭერას, მათი ჩართულობის და როლის გაზრდის ხელშეწყობას სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულებით პოლიტიკის განხორციელების პროცესში. ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ჩვენ განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის, ისევე როგორც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტები ჩვენ მიერ დაგეგმილი ახალი ინიციატივები, პროგრამები, პროექტები. ჩართულობისკენ მოვუწოდეთ მათ და ამ პროცესში მხარდაჭერა აღვუთქვით. ასევე ვეწვიეთ სოფელ წყრუთის ახალაშენებულ საბავშვო ბაღს, რომელიც სამი სოფლის 90 აღსაზრდელზეა გათვლილი. შევხვდით ბაღის მასწავლებლებს, აღმზრდელებს, ისევე როგორც ბავშვებსა და მათ დედებს, რომელთაც ახალი ბაღის ამოქმედებით უფრო გაუფართოვდათ შიდა მეურნეობასა თუ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან საბავშვო ბაღში დაინერგება სკოლამდელი განათლების ორენოვანი მეთოდი, რომელიც აქცენტს გააკეთებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის ქართული ენის შესწავლაზე, რაც წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრესს პრიორიტეტს,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.