თეა ახვლედიანმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ირენ ფელინთან შეხვედრა გამართა

3 მარტი 2023
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ირენ ფელინთან შეხვედრა გამართა.
 
სახელმწიფო მინისტრმა გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნატო-ს მტკიცე პოზიციისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოში სპეციალური წარმომადგენელის ვიზიტის მნიშვნელობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
 
თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები, ასევე მიმოიხილა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მხარდაჭერისკენ მიმართული საქმიანობა.
თავის მხრივ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ძალზე დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
 
მხარეები თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
"ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე ჩვენ სიღრმისეულად განვიხილეთ შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, ისევე როგორც ჩვენი სამშვიდობო ინიციატივების ძირითადი პრიორიტეტები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარების მიუხედავად მათი განხორციელების კუთხით მიღწეული შედეგები და ჩვენი სამომავლო ხედვა.
 
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალების მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე და ამ კუთხით ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით გადადგმულ ნაბიჯებზე. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესზე და განვიხილეთ ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივები და ღონისძიებები,"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.