სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, ქალების გაძლიერების მიზნით, დაგეგმილი ორდღიანი ტრენინგ-სემინარის ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: ,,ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა ვრცლად ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებზე და ამ პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტირება მოახდინა ქალების და ახალგაზრდების გაძლიერების საკითხებზე, როგორც სტრატეგიის ყველა მიზნის და ამოცანის უპირველეს პრიორიტეტზე. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ქალების ჩართულობის მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკას და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიზანია ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოება იყოს თანაბარუფლებიანი, თანასწორი და ინტეგრირებული.
პანელური დისკუსიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გვარამაძემ, პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოდან. პანელზე იმსჯელეს ქალთა უფლებებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მონაწილეებს სახელმწიფოს მხრიდან არსებულ მექანიზმებზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, გააცნეს ის პლატფორმები და შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს ქალების მხარდასაჭერად, რომ მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკის შექმნისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
პანელის დასასრულს ხაზი გაესვა სემინარის მონაწილეების ძალისხმევის გაძლიერებას საკუთარ რეგიონებში წვლილი შეიტანონ აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობის ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაში.
ტრენინგ-სემინარი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და ევროკავშირის (EU), შვედეთისა და ნორვეგიის მხარდაჭერით გაიმართა.