თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა გაერო-ში კარიბის ზღვის აუზისა და აფრიკის სახელმწიფოების - სენტ ლუსიას, დომინიკის რესპუბლიკის, ლიბიის, ბენინის, კომოროს გაერთიანებისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლებთან

2 მაისი 2023
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა გაერო-ში კარიბის ზღვის აუზისა და აფრიკის სახელმწიფოების - სენტ ლუსიას, დომინიკის რესპუბლიკის, ლიბიის, ბენინის, კომოროს გაერთიანებისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლებთან.
 
თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატებს გააცნო სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები როგორც ოკუპირებული რეგიონების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის, ასევე ეთნიკური უმცირესობების მიმართ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებებით.
სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ცალკეული განზომილებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე, უკანონო დაკავებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. ასევე, სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე ოკუპაციის შედეგების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.
 
თეა ახვლედიანმა ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესზე, რაც ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ემსახურება.
 
თავის მხრივ, ელჩებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკისა და მისი გატარების გამოცდილების მიმართ და ამ ძალისხმევაში სახელმწიფო მინისტრის აპარატს წარმატებები უსურვეს.
 
გაერო-ში აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს ვიზიტით 2023 წლის 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით სტუმრობენ.