სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტრენინგ-სემინარი თემაზე: „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა

12 მაისი 2023
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტრენინგ-სემინარი თემაზე: „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
 
თეა ახვლედიანი, ევროპის დღეების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამართულ ტრენინგ-სემინარზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების წარმომადგენელ ახალგაზრდებს უწყების კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებზე, მიღწეული შედეგებსა და დასახულ გეგმებზე ესაუბრა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ახალგაზრდების გაძლიერება, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
 
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მისი გავრცელების პრევენციისა და მედიაწიგნიერების საკითხებს. ამასთან, თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
 
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სახელმწიფო მინისტრმა სემინარის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.
 
„ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების წევრებთან მიმართებით მოქმედი სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ვაგრძელებთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ტრენინგ-სემინარების, საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარებას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემატიკაზე. დღევანდელი ღონისძიებაც, სახელწოდებით „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“, რომელშიც ქართველებთან ერთად მონაწილეობენ აზერბაიჯანული, სომხური, უდიური, ასირიული და ბერძნული თემის წარმომადგენელი ახალგაზრდები, ევროპის დღეების აღნიშვნის კონტექსტში ხორციელდება და სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, აქცენტს გააკეთებს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების როლის და ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობასთან ერთად, ეს ორ დღიანი სემინარი შექმნის სხვადასხვა ეთნოკულტურის წარმომადგენელთა შორის მეტი კომუნიკაციის, ერთმანეთის უკეთ გაცნობის და დაახლოების შესაძლებლობებს,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
„დღეს თელავში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან ერთობლივი თანამშომლობით, UNDP-ის მხარდაჭრით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რათა ცნობიერება აიმაღლონ დეზინფორმაციასა და ფეიკ ნიუსების მიმართულებით, იცოდნენ თუ როგორ გაუმკლავნდნენ მათ. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამებისა და იმ აქტივობების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს და ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჩვენი თანამშრომლობა ამ ტრენინგის მიღმა ბევრ სხვა აქტივობას მოიცავს, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ხორციელდება,“ - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ.
 
ორდღიანი ტრენინგ-სემინარი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა. ინიციატივის მხარდამჭერები იყვნენ ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).
მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ, საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა ბესარიონ ბოხაშვილმა და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ პლატონ კალმახელიძემ.
 
ტრენინგ-სემინარში, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ორი დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში მიმდინარეობდა, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან და ქვემო ქართლიდან 35 ახალგაზრდა მონაწილეობდა.