თეა ახვლედიანი ყვარლისა და ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და კახეთის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია გახსნა

13 მაისი 2023
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ყვარლისა და ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და კახეთის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია გახსნა.
 
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ლაგოდეხში შეკრებილ საზოგადოებას გააცნო სამკვირიანი, მრავალკომპონენტიანი კამპანიის მიზნები, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო პროგრამებისა და სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
 
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ინფორმაცია მიიღოს განათლების, სახელმწიფო ენის შესწავლის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური და ეკონომიკური მიმართულების სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, ხელისუფლების მიერ დაწესებული მხარდამჭერი აქტივობების, შეღავათებისა და უფასო იურიდიული დახმარების შესახებ.
 
თეა ახვლედიანის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მაქსიმალური ინფორმირება სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში არაქართულენოვანი თანამოქალაქეების სრულფასოვანი მონაწილეობისათვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რაც ამავდროულად, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ.
 
კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა ყვარლისა და ლაგოდეხის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებშიც. თეა ახვლედიანი სოფლების შოროხის, ჩანტლისყურის, თივის, არეშფერანისა და ფონას მოსახლეობას შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივებს 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო, ამასთან მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.
 
„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ ჩვენს მრავალფეროვან, ეთნო-კულტურათაშორის დიალოგის განვითარებას, ისევე როგორც შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები და პირობები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. ამჯერად, ვიმყოფებით კახეთში და დღეს შეხვედრები გავმართეთ ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფლის მოსახლეობასთან, სადაც გავაცანით ჩვენი ხედვები და ახალი ინიციატივები, ასევე გავეცანით მათ მოსაზრებებს და მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს. ასევე, გავხსენით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც კახეთის რეგიონში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ყველა სოფელს მოიცავს და ადგილობრივ მოსახლეობას მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას და განმარტებებს მათთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების თაობაზე,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.