სრულიად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს, ვულოცავთ „აფხაზეთობას“, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს აღინიშნება.
სიმბოლურია, რომ 23 მაისი, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეა, რომელმაც აფხაზეთში ქრისტიანობა იქადაგა. ერთიან კულტურასა და ტრადიციებთან ერთად, ქართველებსა და აფხაზებს საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული, მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრების ისტორია გვაერთიანებს. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, სწორედ ამ ერთიანობის გამოცდილებას ემყარება ადამიანზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს, შევქმნათ პირობები, ხელოვნური ბარიერებით დროებით დაშორებულ ადამიანებს შორის ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების აღსადგენად, ნდობისა და მდგრადი მშვიდობის მშენებლობის უზრუნველსაყოფად.
ღრმად გვწამს, რომ სწორედ შერიგება, მშვიდობა და განვითარება წარმოადგენს ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში ერთობლივი კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის მიღწევის უალტერნატივო გზას.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი
თეა ახვლედიანი