საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს აფხაზეთის რეგიონში გამართული ე.წ. „საპარეზიდენტო არჩევნების“ და მისი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
მიმდინარე ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, ასევე უხეშად და სისტემატურად ირღვევა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ჩატარებული ე.წ. “არჩევნები” ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს მთავრობა რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გაცხადებული პოლიტიკისა და პრინციპების ერთგული, რომლის განუყოფელი ნაწილია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლებასთან შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.