სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონის სოფლებში შეხვედრები გამართა და მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია გახსნა

4 ივლისი 2025
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონის სოფლებში შეხვედრები გამართა და მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია გახსნა.
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონში ყოველწლიური საინფორმაციო კამპანია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებით გახსნა.
 
მინისტრმა ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სოფლების - განჯალას, კაბალის, ყარაჯალას და უზუნთალას მოსახლეობას კამპანიის უმთავრესი მიზნები და მათთვის შექმნილი შესაძლებლობები გააცნო.
ამასთან, შეხვედრებზე თეა ახვლედიანმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არაქართულენოვანი მოქალაქეების ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანაა და ერთიანი სამთავრობო მიდგომით ხორციელდება.
 
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები გამართავენ თემატურ შეხვედრებს და მოსახლეობას მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
 
„სახელმწიფოს მიერ შექმნილი შესაძლებლობებისა და მხარდამჭერი პროგრამების თაობაზე ინფორმაციის და განმარტებების მიწოდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სოფლების იმ არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის, ვინც ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ფლობს სახელმწიფო ენას. სწორედ, ამ მიზნით, ამჯერად კახეთის რეგიონიდან ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას, რომლის ძირითადი თემატიკა განისაზღვრა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოხატული ინტერესების შესაბამისად და უკავშირდება დასაქმების, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს. ტრადიციულად, ამგვარი ინტერაქციული შეხვედრების შედეგად, იზრდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებულობა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის მიზნებს ემსახურება და თავის მხრივ, ხელს უწყობს თანაბარუფლებიანი და კიდევ უფრო ინტეგრირებული საზოგადოების გამტკიცებას“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ და აუდიტორიას სიტყვით მიმართეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტების მერებმა.
 
კახეთის რეგიონში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია წარიმართება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით.