შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჟურნალისტებთან ორდღიანი შეხვედრა გაიმართა.
ორდღიან გასვლით შეხვედრაზე, რომელიც ბაზალეთში გაიმართა, ცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ღოღელიანი შეხვდნენ. შეხვედრა ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა. მან ჟურნალისტებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 32-ე რაუნდის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ვრცლად მიმოიხილა დისკუსიების თემები და მიმდინარეობა. თინათინ ღოღელიანმა კი ჟურნალისტებს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები გააცნო.
შეხვედრის მეორე დღე სახელმწიფო მინისტრის გამოსვლას და მასთან დისკუსიას დაეთმო. მან მედიის წარმომადგენლებს მონაწილეობისა და აპარატის საქმიანობის მიმართ ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა.
"თქვენ აქტიურად მუშაობთ კონფლიქტების და ეთნიკური უმცირესობების თემებზე. თქვენთან შეხვედრა ყოველთვის ძალიან სასარგებლოა, ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრებები და ის ინფორმაცია, რომელსაც ფლობთ", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
პაატა ზაქარეიშვილმა ვრცლად ისაუბრა კონფლიქტების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, მიმდინარე პროცესებზე, სიახლეებსა და პერსპექტივებზე. სახელმწიფო მინისტრმა ასევე მიმოიხილა რუსეთის და სხვა გარეფაქტორების როლი და მნიშვნელობა კონფლიქტები დარეგულირების პროცესში. სახელმწიფო მინისტრსა და მედიის წარმომადგენლებს შორის დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა გაიმართა.