სოფელ ერგნეთში რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა

20 ივლისი 2015

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 11-16 ივლისს მომხდარი ინციდენტები განიხილეს. ქართულმა მხარემ გამყოფ ხაზზე ბანერებისა და მავთულხლართების განთავსება გააპროტესტა და ამ პროცესის შეჩერება მოითხოვა.
შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის მიერ მოსავლის აღების საკითხი. ოსურმა მხარემ გამოთქვა მზაობა, მოსახლეობას დაბრკოლებები არ შეუქმნას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სოფელ ხურვალეთთან რამდენიმე დღის წინ ჩამოხსნილ საქართველოს სახელმწიფო დროშას ოსური მხარე ქართულ მხარეს უახლოეს დღეებში გადმოსცემს.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს 3 დღის წინ სოფელ კნოლევთან დაკავებული ვაჟა თოთლაძის საკითხი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, იგი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს გამყოფი ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხზე.

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი გეგმიური 57-ე შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.

აღნიშნულ შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.