გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრაში კომისიის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მედეა ტურაშვილი, გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი, მთავრობის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი მელაშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ხელმძღვანელები.
დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს სახალხო დამცველის რეკომენდაციები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური უფლებების რეალიზაციისთვის ეფექტური ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ.
დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების სარწყავი და სასმელი წყლით უზრუნველყოფის, გაზიფიცირების, ნარჩენების გატანის, მოსავლის აღების, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები სტუდენტების უმაღლესი განთლების დაფინანსების, ასევე ცალკეული სოფლების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების კატეგორიას მიკუთვნების საკითხები.
"გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობას შევუქმნათ ადგილზე დამაგრებისა და განვითარების პირობები. პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება მიმდინარეობს არა მხოლოდ კომისიის სხდომებზე, არამედ მუდმივად - სხდომებს შორის პერიოდშიც, რათა ჩვენი რეაგირება მაქსიმალურად დროული და ეფექტური იყო", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.