დროებითი სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომა

6 აგვისტო 2015

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იმსჯელეს დროებითი სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
მთავრობის მეთაურმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა. საუბარი შეეხო რეგიონში განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და საჭიროებებს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს.როგორც სხდომაზე აღინიშნა, მოსახლეობას ძირითადად გაზმომარაგება, წყლით უზრუნველყოფა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება, რაზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს. პრემიერმა კომისიის წევრებს მოსახლეობის საჭიროებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარება დაავალა.

"პრემიერ-მინისტრის ჩართულობა კომისიის სხდომაში ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობისთვის გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განვიხილეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს - გაზმომარაგება,სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფა. კომისია 2013 წლის ოქტომბრიდან არსებობს და ბევრი ნაბიჯი უკვე გადაიდგა განათლების, ჯანდაცვის, წყალმომარაგების და შეშით უზრუნველყოფის მიმართულებით, განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები და ეს სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს", - აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა.