ქეთევან ციხელაშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში მოხსენებით წარსდგა

21 ოქტომბერი 2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტში მოხსენებით წარსდგა. ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტარებს ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, მან კომიტეტის წევრებს გააცნო შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი ეროვნული კონცეფცია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეიმუშავა და საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაამტკიცა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი და კოორდინირებული სამუშაო გასწია სამოქმედო გეგმის შესასრულებლად.
„გატარდა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა და ჩვენი მოლოდინია, რომ შემფასებელი მისიის დასკვნა იქნება დადებითი, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილებას მოჰყვება. უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა მნიშვნელოვანია კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით. არსებობს საინტერესო გამოცდილება მოლდოვაში - როდესაც მოლდოვას მოქალაქის პასპორტების საშუალებით უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა გაჩნდა, დნესტრისპირეთიდან მოლდოვას პასპორტების აღების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიმართ ასევე გაიზრდება ინტერესი ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაში, რათა მათ შეძლონ უვიზოდ მიმოსვლა ევროპაში. მათ ეს ძალიან ბევრ პერსპექტივას გაუხსნის განათლების თუ სხვა მიმართულებებით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი შეფასებით, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვანია როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის, ისე კონფლიქტების მოწესრიგების თვალსაზრისით.
„ახალი კონცეფცია და სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ეფექტურ პოლიტიკას ეროვნული უმცირესობების მიმართ და ამტკიცებს, რომ ნებისმიერ ეთნიკური ჯგუფის იდენტობა იქნება დაცული და ევროპულ მოდელში, რომელი გზითაც საქართველო ვითარდება, ეს საუკეთესოდ არის შესაძლებელი“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის ყველა ის სარგებელი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებიდან ითვალისწინებს, ხელმისაწვდომი იქნება.
ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტის წევრების კითხვებსაც უპასუხა.