პაატა ზაქარეიშვილი პარლამენტარების წინაშე სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარსდგა

2 ნოემბერი 2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პარლამენტარების წინაშე სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარსდგა. პაატა ზაქარეიშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე გამოვიდა.
მან პარლამენტარებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები გააცნო. კერძოდ, სახელწმიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სამშვიდობო პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც გამორიცხავს კონფრონტაციას.
„3 წლის განმავლობაში ჩვენ არ გვყავს საომარ მოქმედებებში არც ერთი დაღუპული, არ გვყავს ახალი დევნილები, კონტროლი არ დაგვიკარგავს დამატებით არც ერთ ქალაქსა და თუ სოფელზე,“ - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
მან სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობის მიზანი ადგილზე მოსახლეობის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ გასული ოჯახების დაბრუნებაა.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და განაცხადა, რომ აფხაზურ მხარესთან ამგვარი ურთიერთობა უკვე აღდგენილია.
„აშკარაა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში საქართველოს სახელმწიფო მიმართ განწყობების გაუმჯობესება. უკვე ბევრი მათგანი ენდობა ქართულ სახელწმიფოს და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დანარჩენ საქართველოში სხვადასხვა - ჯანდაცვის, განათლები, ბიზნესის თუ დასვენების მიზნით გადმოდიან“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მან სხდომის მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა, რომლებიც გალის რაიონში არსებულ მდგომარეობას, გამყოფ ხაზებზე მოქალაქეების დაკავებას, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში საქართველოს ევროინტერგაციის პროცესისადმი ინტერესს და სხვა საკითხებს შეეხებოდა.