პაატა ზაქარეიშვილი - საკომიტეტო მოსმენისას გაკეთებული განცხადება მედიაში ცალმხრივად გაშუქდა

6 ნოემბერი 2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საკომიტეტო მოსმენისას გაკეთებული განცხადება რუსული პასპორტებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა გადაადგილების შეზღუდვის შესახებ მედიაში ცალმხრივად გაშუქდა. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" კითხვაზე - "პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე თქვენ ისაუბრეთ რუსული პასპორტებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა გადაადგილების შეზღუდვის შესახებ. როგორც აღნიშნეთ, ეს არაღიარების პოლიტიკის პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ ხომ არ ზღუდავს არაღიარების პოლიტიკა ჰუმანიტარულ უფლებებს?", პასუხისას განუცხადა.
"რუსული პასპორტების შესახებ ჯერ კიდევ ტალიავინის ანგარიშშია აღნიშნული, რომ პასპორტების უკანონო გაცემა 2008 წლამდე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ხორციელდებოდა. ოკუპაციისა და აღიარების შემდეგ კი ამ უკანონო დოკუმენტების გაცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაგრძელდა. უკანონო პასპორტებით სარგებლობის შესახებ ვისაუბრე პარლამენტში გამოსვლისას და სამწუხაროდ, მედიაში ამ თემაზე ინფორმაცია მხოლოდ ერთი პოზიციის შესახებ გავრცელდა, სადაც ვსაუბრობ იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გაცემული უკანონო რუსული პასპორტების საშუალებით აფხაზები ვერ გადაადგილდებიან და ეს არაღიარების პოლიტიკის ნაწილი და შედეგია. თუმცა, პრესაში არ გავიდა ჩემი გამოსვლის მეორე პოზიცია, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ ამის მიუხედავად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვპოულობთ გამოსავალს. სხვადასხვა ფორმით ხერხდება ამ პასპორტებით გადაადგილება ისეთი შემთხვევებში, როცა საქმე ეხება მკურნალობას, განათლებას ან სხვა ჰუმანიტარულ საჭიროებას. მიზანი არის ის, რომ არაღიარების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს არ შეექმნათ ჰუმანიტარული პრობლემები. არაღიარების პარალელურად გვსურს, მუშაობდეს ჩართულობის კომპონენტიც და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ნიმუში არაღიარებისა და ჩართულობის ევროპული პოლიტიკის რეალიზაციისა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.