ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თელავში შეხვედრა-ლექცია გაიმართა. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ლექცია თემაზე „სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში“ პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ წაიკითხა.
შეხვედრაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი - ზვიად ზვიადაძე, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ლექციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე, თანაცხოვრების ტრადიციებზე. გაიმართა დისკუსია. ლევან ლორთქიფანიძემ შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა.
ანალოგიური შეხვედრები სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლშიც გაიმართება.
ტოლერანტობის საერთშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მიმდინარეობს. კვირეული 14 ნოემბერს მულტიეთნიკური ფესტივალით „ერთი ცის ქვეშ“ გაგრძელდება, რომელიც ბოლნისში გაიმართება.
15 ნოემბერს კი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიღებას გამართავს, რომელზეც ეთნიკური უმცირესობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იქნებიან მიწვეულნი. მიღებაზე გამოვლინდებიან ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსის „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ გამარჯვებულები. მათ პრიზები და სიგელები გადაეცემათ.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.