სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა

18 დეკემბერი 2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა.
„ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მთლიანად ეფუძნება თანასწორობის პრინციპს - საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, არის თანასწორი და მათ უნდა შევუქმნათ თანაბარი შესაძლებლობები იმისათვის, რომ სრულფასოვნად ჩაერთონ სახელწმიფოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში. ამასთან, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობების გაფართოება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის. ამ საკითხს ასევე უკავშირდება მედიასა და ინფორმაციაზე წვდომა“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
დოკუმენტი შეკრებილ საზოგადოებას სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ღოღელიანმა გააცნო. შესაბამის სფეროებში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს ასევე, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეებმა.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები.
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია
და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაამტკიცა.