ქეთევან ციხელაშვილი სემინარზე „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე” სიტყვით გამოვიდა
4 თებერვალი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე სემინარზე „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე” სიტყვით გამოვიდა. ქეთევან ციხელაშვილმა სემინარის მონაწილეებს კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, სახელმწიფო სტრატეგიის - „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ ფარგკებში გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და იმ ჰუმანიტარულ საკითხებზე, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განიხილება. როგორც სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს და ამ მიზნით არა ერთ ინსტრუმენტს იყენებს, მათ შორის სამედიცინო მომსახურების შეთავაზებას. ქეთევან ციხელაშვილმა სემინარის მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა. სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით მიმდინარეობს. სემინარში მონაწილეობენ ექსპერტები ნატო-ს შტაბ-ბინიდან, საქართველოში აკრედიტირებული ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებისა და წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.