ქ. ახალციხეში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტები მუნიციპალიტეტის თემის წარმომადგენლებს და სომეხ ახალგაზრდობებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში არტიუშ მელქონიანმა გააცნო. ასევე პრეზენტაციაზე მონაწილეობდა "სამოქალაქო განათლება სამართლებრივი სახელმწიფოსათვის"-ის თავმჯდომარე სედა მელქუმიანი.
შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის წარმომადგენელმა გააცნო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები, მიზნები და დაგეგმილი ღონისძიებები. შეხვედრის მონაწილეები განათლების, მათ შორის სახელმწიფო ენის სწავლების საკითხით დაინტერესდნენ. არტიუშ მელქონიანმა მათ კითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრაში, რომელიც ქ.ახალციხის გუბერნიის შენობაში გაიმართა, მონაწილეობდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ჰამბარცუმ ბაბოიანი, ქ.ახალციხის მერის წარმომადგენელი გევორქ ჰაკოპიანი, ახალციხის მერიის თანომშრომლები, გუბერნიის რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნებით სომეხი სტუდენტები, ახალციხის საჯარო სკოლების უფროსკლასელები, სომხური ენის პედაგოგები, ახალციხის მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.
ანალოგიური შეხვედრები სამცხე-ჯავახეთში სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 17 აგვისტოს დაამტკიცა.