ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა

24 თებერვალი 2016

მონაწილეებმა განიხილეს უკანასკნელი შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები, უკანონო დაკავებების ფატები. ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი მავთულხლართების, ღობეებისა და სანიშნე ბანერების უკანონოდ აღმართვის შედეგად, გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის შექმნილი პრობლემების თაობაზე.
საუბარი ასევე შეეხო, სასოფლო-სამეურნეო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ორივე მხარის მოსახლეობისთვის სარწყვი წყლით მომარაგების საკითხს. კერძოდ, ტირიფონის სარწყავი არხის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთზე, ტექნიკური ხარვეზების დადგენასა და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას.
დღის წესრიგის თანახმად, საუბარი შეეხო სოფელ დისევში დაუდგენელი პირების მიერ, საცხოვრებელი სახლის დაშლის საკითხს. ასევე, განიხილეს უგზოუკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის და გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმეები.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 64-ე შეხვედრა 15 მარტს გაიმართება.