ბაბუშერას აეროპორტში გარდაცვლილი 10 ქართველი დაკრძალეს
ექვსი მათგანი დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს მიაბარეს მიწას, ხოლო ოთხი საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალნენ.
დაკრძალვის ცერემონიას, დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და მთვრობის წევრები დაესწრნენ. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძირა და მათი საფლავი გვირგვინით შეამკო.
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესი კვლავაც გრძელდება.
წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს. წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს.