ქეთევან ციხელაშვილმა ქვემო ნიქოზის საბავშვო ბაღის მასწავლებლებს და მარავალშვილიან ოჯახს 8 მარტი მიულოცა

7 მარტი 2016

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის საბავშვო ბაღის მასწავლებლებს და აღსაზრდელებს ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი წინასწარ მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„ქვემო ნიქოზში ჩამოვედით, რომ ქალთა საერთაშორისო დღე და დედის დღე მივულოცო ბაღის პედაგოგებს და ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატო ყველა ქალის, დედის მიმართ, რომლებიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ცხოვრობენ. ეს ადამიანები არიან ჩვენი დროის გმირები. ისინი არა მხოლოდ საკუთარი ოჯახების ნათელი მომავლისთვის იბრძვიან, ზრდიან ხალისიან ბავშვებს, არამედ იცავენ სამშობლოს. აქედან რამდენიმე მეტრში საოკუპაციო ხაზი, მავთულხლართებია, რომელიც ამ ადამინების ყოველდღიურ ცხოვრებას ამძიმებს. თუმცა, ეს ოჯახები ახერხებენ დამაგრდნენ აქ და იბრძოლონ უკეთესი მომავლისთვის. აქვე მინდა, 8 მარტი და დედის დღე განსაკუთრებით დევნილ და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ქალებს მივულოცო. სამწუხაროდ, მათ ჯერ კიდევ მძიმე ყოფაში უწევთ ცხოვრება. 8 მარტს და დედის დღეს ვულოცავ ასევე, გალში და ახალგორში მცხოვრებ ქალებს, დედებს, პედაგოგებს, რომლებიც განსაკუთრებული წნეხის ქვეშ არიან და ყოველდღიურად ირღვევა მათი უფლებები.

ვპირდები, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისთვის, განათლების შეუზღუდავად მიღების უფლებისთვის, დევნილების ღირსეულად დაბრუნებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ, ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციის ბრძოლასთან ერთად“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
დღესვე სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სოფელ ქვემო ნიქოზში მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ზუბაშვილების ოჯახს 8 მარტი და დედის დღე მიულოცა და საჩუქრად პლაზმური ტელევიზორი გადასაცა.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი გელეაშვილი.