ქეთევან ციხელაშვილი ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

10 მარტი 2016

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა ახალგაზრდებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო, ასევე ესაუბრა კონფლიქტის თემატიკაზე, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე, მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკური საკითხები. საუბარი ასევე შეეხო, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების შედეგად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებსა და კონფლიქტების მოგვარების სამომავლო პერსპექტივებს.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, სტუდენტების ინტერესიდან გამომდინარე, ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე, კერძოდ კი აქცენტები გაკეთდა რუსეთის ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებსა და მისგან მომდინარე სხვა გამოწვევებზე.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები დაინტერესდნენ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს მთავრობის მიდგომით, ასევე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის პროცესით და მისგან მომდინარე სარგებლის მნიშვნელობით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის.

სტუდენტები საქართველოში ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან.